სპეციალისტობიდან მენეჯერობამდე - მამუკა ახლოური, კასპის სერვის ცენტრის მენეჯერი
SocarNews

სოკარის ერთიანი, ძლიერი გუნდი ცალკეული ადამიანების გამოცდილებებსა და პროფესიონალიზმზე დგას, რომელთაც კომპანიასთან ურთიერთობის სხვადასხვა, საინტერესო ისტორიები აკავშირებს. საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნა ცხოვრებისეული გამარჯვებებისა და მიღწეული მიზნების საწინდარია. კომპანიაში რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ კასპის სერვის ცენტრის ამჟამინდელი მენეჯერი მამუკა ახლოური სწორედ, ამ თანხვედრას უკავშირებს თავის წარმატებულ კარიერას. მაშინაც ასე ფიქრობდა, როცა 2013 წელს, 27 წლის ასაკში, სრულიად შემთხვევით გაიგო კასპის სერვის ცენტრში საავარიო-საექსპლუატაციო სამსახურში საველე სამუშაოების სპეციალისტის ვაკანტური ადგილის შესახებ. სამწლიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ, რაც გაზის დანაკარგისა და დატაცების ფაქტების აღმოჩენაში გამოიხატებოდა, გადაიყვანეს სამსახურის ოსტატად, მალე სამსახურის უფროსად, შემდეგ კი, ინჟინრად. წლების განმავლობაში ყველა საფეხურზე დაგროვებული გამოცდილებით 2019 წლიდან დღემდე მენეჯერის პოზიციაზე აგრძელებს კომპანიასთნ თანამშრომლობას. სიამაყით საუბრობს თავისი სერვის ცენტრის შედეგებზე და თვლის, რომ ყველა წარმატებული და წინგადადგმული ნაბიჯის უკან დგას ინტერესიანი და მოტივირებული თანამშრომლების გუნდი - უკლებლივ ყველა თანამშრომელი, მიუხედავად დაკავებული სამსახურებრივი პოზიციისა. თავისი კარიერული ზრდის მიზეზადაც კომპანიის ხელმძღვანელი რგოლის მხრიდან თანამშრომლების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას მიიჩნევს.

- დიდი სტიმულია, როცა იცი, რომ თითოეული, შედეგზე ორიენტირებული ინიციატივა მოსმენილი და მხარდაჭერილი იქნება კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ, რაც კიდევ უფრო მოტივირებულს გხდის - ეს მამუკას სიტყვებია. ხანგრძლივი და თავდაუზოგავი შრომის შედეგის ყველაზე დიდ აღიარებად მიიჩნევს 2018 წელს ბატონ აზერ მამმადოვის მიერ გადაცემულ ჯილდოს, როგორც კომპანიის წლის საუკეთესო თანამშრომელი.

წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა და გვჯერა, რომ არაერთ წარმატებულ ნაბიჯს გადადგამს მამუკა თავის ძლიერ გუნდთან ერთად.


ში Socar News
პირველი წარჩინებულები
SocarNews