ჩემი სოკარი - პირველი შედეგები
SocarNews

თანამედროვე მენეჯმენტის ყველაზე დიდ მიგნებად და სწორ მიდგომად შეიძლება ჩაითვალოს კომპანიის მიერ ადამიანური რესურსების სწორად შეფასება და საჭიროებისას სათანადოდ გამოყება. ნებისმიერ პოზიციაზე მყოფი ადამიანის როლი მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, რაც მომავალში კომპანიის მიერ დასახული მიზნების მიღწევისა და წარმატებების საწინდარია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპანია „სოკარი“ ერთ-ერთი ლიდერია ამ კუთხით განხცორციელებული არაერთი ინიციატივითა და აქტივობით. დღეს, სწორედ, ერთ-ერთ ასეთ წამოწყებაზე - პროგრამა “ჩვენი სოკარი“-ის შესახებ გვინდა გესაუბროთ.

პროგრამა “ჩვენი სოკარი“ დაიწყო კომპანიის ინიციატივის ფარგლებში, მომსახურეობის ეფექტურობისა და ხარისხის გაუმჯობესების პროცესში თანამშრომელთა უფრო აქტიურად ჩართულობის მიზნით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამის ამოქმედება ხელს შეუწყობს როგორც ადამიანური რესურსების პოტენციალის გამოვლინებას, ასევე, თანამშრომელთა შემდგომ კარიერულ ზრდას. სერვის ცენტრებში განთავსებული სპეციალური ბლანკის საშუალებით ნებისმიერ თანამშრომელს ეძლევა საშუალება გაგვიზიაროს თავისი შემოთავაზებები, რეკომენდაციები და ინოვაციები, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს კომპანიის ყველა სფეროში სერვისისა და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებას. შემოსულ პროექტ-წინადადებებს განიხილავს სპეციალური კომისია. აზრთა შეჯერების შემდეგ კი, თითოეულ განმცხადებელს ეცნობება განხილვის ნებისმიერი შედეგი თავისი განმარტებებითურთ.

მართალია, არც თუ დიდი ხანია რაც სტარტი აიღო პროგრამამ, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა და უკვე, პირველი გამარჯვებულებიც გვყავს.

პროგრამის ფარგლებში შემოსული განაცხადებისა და შემდგომი მოლოდინების შესახებ გვესაუბრება კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს დირექტორის პირველი მოადგილე ანტონ სამსონიძე:

“ბუნებრივია, რომ კომპანიის დაარსებიდან მმართველი გუნდი პროცესის გამართულობისათვის და მეტი ეფექტურობისათვის მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისი მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო გავხადოთ როგორც მომხმარებლისათვის, ასევე კომპანიის თანამშრომლებისათვისაც. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისას გაჩნდა იდეა, რომ მარტო ჩვენ კი არ შეგვეთავაზებინა მზა ფორმატი, არამედ, საინტერესო იქნებოდა უკუკავშირი - გავცნობოდით თანამშრომლების მხრიდან შემოთავაზებულ წინადადებებსა და ინოვაციებს, რაც პროცესში მათ ჩართულობასაც გაზრდიდა და მოტივაციის ამაღლებაშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა. 
და პროგრამაც დაიწყო. სულ შემოვიდა 20 განაცხადი, რაც დამეთანხმებით, არ არის ბევრი, მაგრამ მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალში ეს რიცხვი აუცილებლად გაიზრდება.
კომისიის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია და მინდა დავასახელო ყველაზე ეფექტური და საჭიროებაზე მორგებული ინიციატივის ავტორები: თერჯოლის სერვის ცენტრის ანალიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტი შოთა ვაჩეიშვილი და კასპის სერვის ცენტრის, საავარიო და ექსპლუატაციის სამსახურების თანამშრომლები, კახა კაიშაური და ვალერიან დავითური. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას, კომპანია „სოკარი“-ს სახელით მადლობას ვუხდით გაწეული მუშაობისთვის და გადავცემთ ფულად ჯილდოს სამ-სამი ათასი ლარის ოდენობით შოთა ვაჩეიშვილს, კახა კაიშაურსა და ვალერიან დავითურს.
აქვე, ერთ საკითხზე მინდა ყურადღება გავამახვილო_ რამდენიმე განაცხადი სახელფასო ანაზღაურების მომატებასა და სხვა ყოფითი პრობლემის მოგვარებას ეხებოდა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ კომპანია მოქმედებს გარკვეული ლიცენზირებისა და რეგულაციების ფარგლებში, ის შრომითი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრას ცალსახად ვერ ახდენს. კომპანია მსგავს საკითხებს უთანხმებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი), რაც პირდაპირპროპორციულად კავშირშია გაზის ტარიფის დადგენასა და მომხმარებლისათვის მის ხელმისაწვდომობასთან.
ვფიქრობ, რომ პროგრამა „ჩემი სოკარი“ კომპანიის ერთ-ერთი საინტერესო წამოწყება იქნება, რომლის საშუალებითაც, სხვადასხვა ეტაპზე, ჩვენი თანამშრომლების ბევრი საინტერესო ინიციატივის და წამოწყების მომსწრენი გავხდებით.”

გადავწყვიტეთ ახლოს გაგაცნოთ გამარჯვებული პროექტები და მათი ავტორები.

შოთა ვაჩეიშვილი - კომპანიაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობისას სულ გვქონდა თანამშრომლებს აზრთა გაცვლა-გამოცვლა ერთმანეთთან, უფროსებთანაც. საქმესთან დაკავშირებით ან პროცესის გაუმჯობესებისათვის არაერთხელ მიმიმართავს ჩემი სერვის ცენტრის მენეჯერისთვის, გიგა ზაუტაშვილისთვის, რაც მისი მხრიდან სულ მხარდაჭერილი იყო. ასეთმა თანამშრომლურმა გარემომ და დამოკიდებულებამ მომცა ბიძგი, რომ მუდმივად მეფიქრა პროცესის გამართულობაზე. ერთ-ერთი ასეთი პროცესი აღვწერე სწორედ, განაცხადში, რაც გაზის უსაფრთხოდ მიწოდების და მოხმარების ნორმების კიდევ უფრო მეტად დაცვას უკავშირდება. დამეთანხმებით, რომ ჩვენს კომპანიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ პროცესს. თუმცა, მომხმარებელის მხრიდან ერთმა გაუაზრებელმა ქმედებამ (კერძოდ, ახალი აბონირებისას დაკეტილი გაზის ონკანის თვითნებურად გახსნა) შეიძლება უბედური შემთხვევა გამოიწვიოს. ბილინგის ბაზაში ერთი დამატებითი ღილაკის ამოქმედებით კი, მარტივდება ამ პროცესის როგორც აღმოჩენა, ასევე მასზე რეაგირება, რითაც მოსახლეობის უსაფრთხოებაც მეტად დაცული იქნება. ჩვენი მთავარი საზრუნავიც ხომ, ეს არის.

რაც შეეხებათ კახა კაიშაურსა და ვალერიან დავითურს, მათ ერთობლივად შედგენილი განაცხადი წარმოადგინეს. საუბრისას აღნიშნეს, რომ ორთავეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიურად უწევთ საკმაოდ დიდი მანძილის გავლა, მრიცხველების შემოწმება და მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. ამ სეგმენტის გადაადგილებას კომპანია ბენზინის ძრავიანი სკუტერებით უზრუნველყოფს, რომელთა მოვლა და ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება თანამშრომელთა კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. გაიაზრეს რა ეს პასუხისმგებლობა კახამ და ვალერიანმა ერთობლივად შეიმუშავეს სკუტერის ექსპლუატაციის აუცილებელი წესები და სერვის ცენტრის მენეჯერთან შეთანხმებით, საინფორმაციო დაფაზე განათავსეს. ფაქტია, რომ კასპის სერვის ცენტრის სკუტერების გამართულობა და ექსპლუატაციის ვადის ხანგრძლივობა ყველასთვის თვალსაჩინოა. მიაჩნიათ, რომ თითოეული თანამშრომლის ვალდებულებაა კომპანიის მიერ ექსპლუატაციისთვის გადმოცემული ყველა ნივთის მოვლა-პატრონობა, რაც აუცილებელი პირობაა სამუშაო პროცესისთვის და თანამშრომელთა უსაფრთხოებისთვისაც.

პროგრამა „ჩემი სოკარი“-ს ფარგლებში კასპის სერვის ცენტრთან ერთად შეირჩა 2 საპილოტე სერვის ცენტრი _ ზუგდიდისა და ხელვაჩაურის, სადაც უახლოეს ხანებში მოხდება კომპანიის ბალანსზე არსებული ბენზინის ძრავიანი სკუტერების ელექტრო ძრავიანი სკუტერებით ჩანაცვლება, რომელთა ტექნიკური მახასიათებლებიც ხანგრძლივი ექსპლუატაციისა და ასევე, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების მკვეთრად შემცირების გარანტია.

ვიდრე კომისია განაცხადების განხილვის პროცესში საუკეთესო იდეის ავტორს გამოავლენდა, ვალერიან დავითური ექსპლუატაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციიდან ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე დააწინაურეს. აი, კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ კომპანია „სოკარი“-სთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მიზანდასახული და შრომისმოყვარე თანამშრომლების სათანადოდ დაფასება და ხელშეწყობა.


კომპანიის მთავარი ფასეულობა მაღალკვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებია
SocarNews